არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ გამოძიების მიმართულება შეცვალა.
საქმის კვალიფიკაცია დამძიმებულია. ძიება ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და წამების მუხლით გრძელდება.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც 34 წლის ტატუნაშვილის წამების კვალზე ცალსახად მიუთითებს, განხილვის მთავარი თემა იქნება ერგნეთში.
ხვალ არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენლებს უკვე კონკრეტულ დაზიანებებზე მოუწევთ განმარტებების კეთება და მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა.
საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის ოჯახს გამოძიების მიმართ ამ ეტაპზე პრეტენზიები აღარ აქვს.
გარდაცვლილის მამამ საგამოძიებო უწყებისგან დღეს იმ დაზიანებებზეც მიიღო განმარტება, რომლებიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში არ მოხვდა.