მძიმე კადრები ავღანეთიდან – 20 წლის შემდეგ მთელ ქვეყანაზე კონტროლი ისევ „თალიბანმა“ აიღო. რადიკალური დაჯგუფება მთლიანად აკონტროლებს დედაქალაქ ქაბულს, სადაც ახლა ქაოსი და პანიკაა. „თალიბების“ შესვლისთანავე ადგილობრივებისა და უცხოელების დიდი ნაწილი აეროპორტისკენ დაიძრა. მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებს მასობრივად ტოვებენ და გარბიან. არის მსხვერპლი. ქაბულის აეროპორტში ხუთი ადამიანია დაღუპული.
აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები ავღანეთიდან საკუთარი მოქალაქეების, დიპლომატების, საელჩოების თანამშრომლებისა და მოკავშირე ავღანელების ნაწილის გაყვანას ცდილობენ. 60 ქვეყანა, ერთობლივი განცხადებით, „თალიბებს“ ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციას სთხოვს. ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნიდან წავიდა.
ექსტრემისტული დაჯგუფება აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლის დაანონსებისთანავე გააქტიურდა, ავღანელი სამთავრობო ძალების მისამართით ინტენსიურ შეტევაზე კი, ერთი თვის წინ გადავიდა. ავღანეთში არსებული მძიმე სიტუაცია საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემაა. ბრიუსელსა და გაერო-ში საგანგებო სხდომებია ჩანიშნული.