სტიქია კახეთში

კახეთში სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობისგან დაზიანებულ ყურძენს სამი ქარხანა ჩაიბარებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავალებით, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სტიქიის შედეგად დაზიანებული ყურძნის მისაღებად. სამინისტროს ინფორმაციით, ყურძენს აკურის, ყვარლის, გურჯაანის გადამამუშავებელი ქარხნები მიიღებენ და საჭიროების შემთხვევაში სხვა ლოკაციებიც გაიხსნება. სტიქიის შედეგად კახეთში 4-5 ათასი ჰექტარი ფართობია განადგურებული, საიდანაც 15-20 ათასი ტონა ყურძენს ელოდებიან. რთველის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, დაზიანებული ყურძნის შესყიდვას მთლიანად სახელმწიფო უზრუნველყოფს. რაც შეეხება ყურძნის ფასს, რქაწითელს 50 თეთრად, საფერავს კი, ერთ ლარად შეისყიდიან. შეგახსენებთ, რომ ღამით მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის, ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ათამდე სოფელი დააზარალა. თითქმის მთლიანად გაანადგურა ვენახები და ერთწლოვანი კულტურები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლის სახურავები.