წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ის უკვე გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. თავდასხმასთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს მძევლები, ასევე თავდამსხმელიც, რომელიც ადვოკატთან ერთად დაიკითხა. ლევან ზურაბაშვილს ბრალად ედება ორგანიზაციაზე თავდასხმა, რამდენიმე პირის მძევლად აყვანა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება. ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში გუშინ დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. სამართალდამცველებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.
ადვოკატის განცხადებით, ლევან ზურაბაშვილს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა. ამის შესახებ მან დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებასთან განაცხადა, სადაც დაკავებულის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ და ის დუმილის უფლებით სარგებლობს.