სარეიტინგო სააგენტო „ეს ენდ პი გლობალმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი“ დონეზე შეუნარჩუნა – პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, ეს უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტოა, რომელმაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ „ბიბი“ დონეზე დატოვა.
რეიტინგის შენარჩუნება ნიშნავს, რომ საფრთხე არ ემუქრება ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს გააჩნია გამორჩეული ინსტიტუციონალური გარემო. პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ქვეყანამ დროულად მიიღო დაფინანსება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. სააგენტო „ეს ენდ პი გლობალის“ მოლოდინით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოთხი პროცენტი იქნება, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. სააგენტოს მიერ განსაზღვრული „ნეგატიური“ პერსპექტივა ძირითადად გამოწვეულია გლობალურად ტურიზმის აღდგენის შედარებით ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზაობას.