სომხეთში აქციებს ქვეყნის პრეზიდენტი ეხმაურება

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ერევანში მსვლელობას ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ხელმძღვანელობს. სულ ცოტა ხნის წინ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიტინგზე განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა. თუმცა, მოგვიანებით, კარენ კარაპეტიანის პრესსამსახურში ეს ინფორმაცია უარყვეს.

ოპოზიცია ითხოვს, რომ პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის კანდიდატი აირჩიოს. ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მზად არის, დაიკავოს პრემიერის პოსტი, თუ ამას ხალხი ისურვებს.

თავის მხრივ, სომხეთის მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ პრემიერად საკუთარ კანდიდატურას წარადგენენ, თუმცა, ვინ იქნება ეს, ჯერ უცნობია.

ცოტა ხნის წინ ერევანში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. არმენ სარგსიანმა ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისკენ მოუწოდა. ანალოგიური განცხადება გააკეთა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმაც.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სომხეთის მმართველი კოალიციის ერთ-ერთი წევრი ოპოზიციის რიგებს შეურთდა.