სომხეთის მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატი ოპოზიციის მხარეს გადავიდა
სომხეთის მმართველი კოალიციის წევრი დეპუტატი ოპოზიციის მხარეს გადავიდა

ფრაქცია „დაშნაკცუთიუნის“ წევრი სურენ მანუკიანი დემონსტრანტებს შეუერთდა. მისი თქმით, ის სახალხო მოძრაობის წევრებთან ერთად მოითხოვს ხელისუფლების შეცვლას.

„მე, ვარ სურენ მანუკიანი, ვიმყოფები ბათუმში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ღინისძიებაზე, მაგრამ ვადევნებ თვალს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. როგორც დეპუტატი ვერ გავდგები განზე.  ვუერთდები სახალხო მოძრაობას. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა“, – ამის შესახებ მანუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

ფრაქციაში დეპუტატის გადაწყვეტილებაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი კანდიდატს, ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ- მინისტრად არჩევისთვის სულ მცირე, 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ფაშინიანის მომხრეები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ 40 დეპუტატის მხარდაჭერის იმედი. თუ მმართველი კოალიციის წევრი მანუკიანი ასევე მხარს დაუჭერს ფაშინიანის კანდიდატურას, მას სულ 12 დეპუტატის ხმა დააკლდება.

სომხეთის მმართველ რესპუბლიკურ პარტიას პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს, ფრაქცია „დაშნაკცუთიუნს”- 7, ნიკოლ ფაშანიანის ფრაქცია „ელქს“ – 9, 31 ადგილი აქვს „წარუკიანის“ ბლოკს.