სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება – მსვლელობა გაიმართა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე. შეკრებილები დავის პროცესში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. მათი მტკიცებით, კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოებისა და მადნის მოპოვების პროცესში დაზარალდნენ. აღნიშნულისთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გაცემულ წინასწარ კომპენსაციებს კი არასაკმარისად მიიჩნევენ. საპასუხოდ „ჯორჯიან მანგანეზში“ ამბობენ, რომ თანხები უძრავი ქონებების ღირებულებების მიხედვით გაიცა. ორგანიზაციამ ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერებიც გაასაჯაროვა.