შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი რვა პირი დააკავა

„ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი რვა პირი დააკავეს. მათ ბრალად „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეს, სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე, ფინანსური დავა ჰქონდათ. საუბარია 130 000 ლარზე. ერთ-ერთმა მხარემ საკითხის მოსაგვარებლად კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა.

ე.წ. ქურდული გარჩევის შემდეგ, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორესთვის გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.