შოვში მომხდარი სტიქიის მიზეზები - პირველადი დასკვნა

შოვის დამანგრეველი სტიქიის წინასწარ პროგნოზირება და თავიდან აცილება შეუძლებელი იყო – ასეთია გეოლოგიური სამსახურის წინასწარი დასკვნა.

მყინვარ ბუბაზე კლდეზვავური მასის ჩამოშლა, მყინვართან შეჯახება, მისი ნაწილის ჩამოშლა და სავარაუდოდ, მყინვარქვეშ დაგუბებული წყლის გადმოდინება, მეწყრული პროცესების განვითარება და საბოლოოდ გლაციალურ ღვარცოფად ქცეული მასის შოვისკენ დაძვრა – საველე სამუშაოების და სხვადასხვა კვლევის შემდეგ დგინდება, რომ 3 აგვისტოს რაჭაში ხუთი გეოლოგიური და მეტეოროლოგიური პროცესი ასეთი თანმიმდევრობით განვითარდა. ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით გეოლოგები სტიქიის წინა დღეებში მდინარე ბუბისწყლის დაგუბებასაც არ ადასტურებენ. იმის გამო, რომ ბუბას ხეობის დაქანება დიდია, ტალახ-ქვიანი ღვარცოფის სიჩქარეც საკმაოდ სწრაფი იყო. სპეციალისტების გათვლებით, მან შოვამდე 8-10 წუთში მიაღწია. წინასწარი შეფასების გაცნობის შემდეგ სპეციალისტების ნაწილი უფრო კომპლექსურ კვლევებს ითხოვს, რჩება გარკვეული კითხვებიც. მათ შორის მთავარი შეკითხვაა, რატომ არ იყო დამონტაჟებული და იმუშავებდა თუ არა მონიტორინგის და ადრეული გაფრთხილების სისტემა ასეთი მასშტაბის სტიქიის დროს შოვში.