კიდევ ერთი ინფექცია, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიამ გადაფარა – პირველ დეკემბერს მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. აივ-ინფექცია კორონავირუსის დროს ერთ-ერთ რისკფაქტორად ითვლება, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში აივ და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ გართულებულა.
სწორედ კორონავირუსის სამკურნალო კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძეს უკავშირდება ქვეყანაში შიდსის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლა. მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებული ცენტრის დახმარებით, საქართველომ აივ-ინფექციის ეპიდემიის თავიდან აცილება შეძლო. წლების განმავლობაში დანერგილი მკურნალობის ახალი მეთოდებისა და კვლევების შედეგად, დაავადებულთა გადარჩენისა და მათი სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი.