შალვა პაპუაშვილის განცხადება

12:11, 22.09.2026

პარლამენტის თავმჯდომარე ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული პოლიტიკური სწავლების სკოლის მიერ, ბახმაროში ჩატარებულ სემინარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო აფინანსებს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის მიერ ორგანიზებულ შეკრებას და ამას „სამოქალაქო დიალოგის“ ხელშემწყობ პროექტად წარმოაჩენს. „საუბარია პოლიტიკოსზე, რომელიც 2020 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბოკერიას განყოფილების პარტიული სიით იყო დეპუტატი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი – უშუალოდ დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით მონაწილეობდა. ორი წლის წინ, არჩევნების ღამეს სწორედ ის აცხადებდა: „ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი დამარცხდა, თუმცა, ის ამას უტიფრად არ იმჩნევს და მორჩილი ცესკოს პირით გამარჯვებას აცხადებს. გამარჯვებული ოთხივე ოპოზიციური პარტია ახლა ვალდებულია, არ დაუშვას რუსული ოცნების მიერ ძალაუფლების მიტაცება“. მანამდე, ის არც 2020 წლის არჩევნებს ცნობდა. ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება, სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს? ნათელია, რომ ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკურ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს აძლიერებს და თავად ევროპის საბჭოს მიუკერძოებლობას და სანდოობას აზიანებს“ – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი