სესხების გაცემაზე დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა

სესხების გაცემაზე დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა დაადგინა. სამომხმარებლო სესხის გაცემისას, ბანკმა მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი უნდა ჩაატაროს და მხოლოდ ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება.

ცვლილება, ექსპერტთა განმარტებით, ყველაზე მტკივნეული თვითდასაქმებულებისთვის იქნება. ანუ მათთვის, ვისაც არასტაბილური შემოსავალი აქვს, ან თანხა ბანკში არ ერიცხება.

შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემა ბანკებს მაინც შეეძლებათ. თუმცა, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს.

ბანკების შემდეგ, მსგავსი შეზღუდვა, სავარაუდოდ, სხვა საფინანსო ინსტიტუტებზეც გავრცელდება.

ცვლილება დღეს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სოციალურ ქსელში ჩართვისას შეაფასა.