საქსტატის დირექტორი 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის საკითხზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. გოგიტა თოდრაძის თქმით, აღწერა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღწერა ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით. თვითრეგისტრაცია წარმოადგენს მონაცემთა შეგროვების მეთოდს, როდესაც რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტ ბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს. ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით.