საშიში პროდუქტი ჩვილ ბავშვთა კვებაში

საშიში პროდუქტი ჩვილ ბავშვთა კვებაში. ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი აფთიაქებიდან ფრანგული კომპანიის „ლაქტალისის“  წარმოების რძის ფხვნილის „სელიას“ (Celia)  ამოღება დაიწყეს.

ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროდუქციაში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა.

საფრანგეთში ეს ბაქტერია 26 ჩვილს გამოუვლინდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან რძის ფხვნილის ამოღება.

როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, პოტენციურად საშიში პროდუქციის ექსპორტი ხდებოდა საქართველოშიც. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ცნობილი ბრენდის რძის ფხვნილში, საშიში ბაქტერიის შესაძლო არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღო და ბაზრიდან პროდუქციის გამოთხოვის პროცესი დაიწყო.