მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა „სელიას“ რძის ფხვნილის გაყიდვა შეწყვიტეს
მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა „სელიას“ რძის ფხვნილის გაყიდვა შეწყვიტეს

მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი სააფთიაქო ქსელებიდან „ლაქტალისის“ წარმოების ბავშვთა კვების, კერძოდ „სელიას“ (Celia) რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს.

როგორც PSP-ში პირველ არხს განუცხადეს, ფრანგული ბრენდის პროდუქციაში სალმონელას ჩხირის აღმოჩენის შესახებ დღეს დილით გაიგეს და მაშინვე შეწყვიტეს ქსელებში აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია.

PSP-ს ინფორმაციით, მომწოდებელს მიწერეს წერილი, რომელშიც ითხოვენ ახსნა-განმარტებას, არის თუ არა ქართულ ბაზარზე შემოსულ მათ პროდუქციაში საშიში ბაქტერია. პასუხის მიღებამდე „სელიას“(Celia) ნაწარმი მათ აფთიაქებში არ გაიყიდება.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელობამ „ლაქტალისის“ საბავშვო საკვებში სალმონელას ჩხირის აღმოჩენის შესახებ მსოფლიო მედიით გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ შეიტყო. როგორც „ავერსში“ ამბობენ, ამის თაობაზე მათ „ლაქტალისის“ ქართული წარმომადგენლობიდან აცნობეს.

როგორც კომპანიაში პირველ არხს განუცხადეს, უკვე დაიწყეს ქსელში შემავალი ყველა აფთიაქის გაფრთხილება, რათა აღნიშნული პროდუქცია საწყობებში გადაიტანონ.

როგორც „ავერსში“ ამბობენ, ისინი ელოდებიან ლაბორატორიისა და მწარმოებლის წერილობით ინფორმაციას, შეიცავს თუ არა მათ მაღაზიებში არსებული „სელიას“(Celia) რძის ფხვნილი სალმონელას. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დააბრუნებენ პროდუქტებს რეალიზაციაში თუ მარაგებს საერთოდ ამოიღებენ.

ფრანგული კომპანია Lactalis ბავშვთა კვების პროდუქციას პარტიებს უკან გაიტანს. ამის მიზეზი რამდენიმე ქვეყანაში სალმონელას ბაქტერიის გავრცელება გახდა.

ბავშვთა კვების​ პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის Lactalis-ი განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს.  Lactalis მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.