პირველი ბლოგი ერთგვარი შესავალი იყო, ინტერესის გაღვივება. ამიტომ დავიწყეთ იმ ცხელი ამბით, იმ დრამით, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ თამაშდება. ბრძოლა უზენაესი სასამართლოსთვის, სენატმა დაიწყო პრეზიდენტ ტრამპის ნომინანტის, ემი კონი ბარეტის, საქმის მოსმენა. როგორც მოსალოდნელი იყო ტემპერატურა უკიდურესად მაღალია.
ვეცდები აშშ-ის სასამართლო სისტემის უნიკალურობაზე ვისაუბრო, რამდენადაც მოვახერხებ გავთავისუფლდე ჩემი პირადი ხედვებისგან.
სწორედ დღევანდელი დაძაბულობა, მოსამართლის ნომიმაციისთვის ბრძოლის სიცხარე უნდა გვანიშნებდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ის სახელმწიფო მოწყობაში სასამართლოს როლი. როგორც ვთქვით, ჩვენ ავირჩიეთ გეზი ზევიდან ქვემოთ, უზენაესი სასამართლოდან საგრაფოების სასამართლოებამდე. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ რასთან გვაქვს სქმე, ცოტა ისტორია აუცილებელია. აშშ-ის უზენაესი სასამართლო პოლიტიკური აქტორია, ხშირად ჩიხში შესული საკითხის საბოლოოდ და გაუსაჩივრებლად გადამწყვეტი. ამდენად ცხადია, ყველას სურს ეს ბოლო ნავსაყუდელი მისთვის კეთილი იყოს.
პირველად უზენაესი სასამრთლო 1790 წლის 1 თებერვალს შეიკრიბა. აგერ უკვე 230 წელზე ხანგრძლივი ტრადიციაა დამკვიდრებული. აშშ-ის კონსტიტუციის მესამე მუხლი თავდაპირველად მიღებულ იქნა პირველი კონგრესის მიერ 1789 წლის სამართლებრივი აქტით. 1869 წელს ამ აქტში შეიტანეს შესწორებები. უზენაესი სასამართლო შედგება მთავარი მოსამართლისა და რვა წევრისგან. ყველა მათგანი არჩეულია მუდმივი ვადით. მოსამრთლის უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში. როდესაც ასეთი რამ ხდება და ადგილი თავისუფლდება, ქვეყნის პრეზიდენტი წარადგენს ახალ კანდიდატურას, რომელიც უნდა დაამტკიცოს სენატმა. ყველა მოსამართლეს აქვს ერთი ხმა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმათა უმრავლესობით. ეს არის მოკლედ და მშრალად უზენაესი სასამართლოს მოქმედი წესები.
დავუბრუნდეთ ისტორიას. 1787 წლის კონსტიტუციური კონვენციის დროს ძირითადი დებატების თემა იყო ხელისუფლების განაწილება, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და ურთიერთკონტროლის მიღწევა. ამოცანა იყო აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს ემუშავათ ისე, რომ ხელი არ შეეშალათ ერთმანეთისთვის, არ შეეფერხებინათ ერთმანეთი და ამავე დროს, ჰქონოდათ ერთმანეთის კონტროლის და საჭირო შემთხვევაში შეჩერების საშუალება. სწორედ ამ დებატების დროს დაიბადა აზრი ხელისუფლების მესამე შტოსთვის მიეცათ კონტროლისა და არბიტრის ფუნქცია. ეს ახალი იყო, რადგან ინგლისურ ტრადიციაში სასამართლო იყო მეფის დაქვემდებარებაში, მეფე იყო სამართლის მთავარი მქმნელი. ჯეიმს მედისონი, ისტორიული ფიგურა, სასამართლოს ახალი ფუნქციის ერთ-ერთი მთავარი ქომაგი იყო. ამავე დროს, უნდა უზრუნველყოფილიყო ხელისუფლების ამ შტოს დამოუკიდებლობა და ლეგიტიმურობა. ეს კი მიიღწეოდა არჩევითობით.
1789 წელს გადაწყდა, რომ უზენაესი სასამართლო უნდა ყოფილოყო დედაქალაქში და თავიდან შედგებოდა მთავარი მოსამართლისა და ხუთი წევრი მოსამართლისგან. პირველმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა წარადგინა უზენაესი სასამართლოს პირველი შემადგენლობა. მთავარი მოსამართლე – ჯონ ჯეი და მოსამრთლეები ჯონ რუტლეჯი, უილიამ კაშინგი, რობერტ ჰარისონი, ჯეიმს უილსონი და ჯონ ბლერი. სასამართლოს შემადგენლობა სენატმა დაამტკიცა 1789 წლის 26 სექტემბერს.
პირველი სესია შედგა 1790 წლის 2 თებერვლიდან 10 თებერვლამდე ნიუ-იორკში. ნიუ-იორკი მაშინ იყო ამერიკის დედაქალაქი. შემდეგ დედაქალაქი გახდა ფილადელფია და მთავარი სასამართლოც ასევე გადავიდა ფილადელფიაში.
ასე დაწვრილებით მოგიყევით პირველი დღეები, რათა წარმოდგენა შეიქმნათ რაოდენ დიდი ტრადიცია და გამოცდილება დევს ამ ინსტიტუტში. პრაქტიკულად ყველა დუკუმენტი პირველივე დღიდან დაცულია არქივში, არაფერი არ დაკარგულა და კვლავ აქტიურად ქმედითია, მითუმეტეს, რომ ამერიკული სამართალი პრეცედენტულია და ყველა სიტყვას, ასოს და მძიმეს აქვს მნიშვნელობა. წარმოიდგინეთ ცოდნის, გამოცდილების, ტრადიციის რამხელა მასაა დაგროვებული!
რადგან თავიდან უზენაეს სასამრთლოში ექვსი მონაწილე იყო, გადაწყვეტილებებს იღებდნენ ხმების ორი მესამედით. პირველი საქმე იყო უესტი ბარნსის წინააღმდეგ (1791) და ძირითადად საპროცედურო საკითხს ეხებოდა.
განსაკუთრებული ავტორიტეტი სასამართლომ აკრიფა მთავარი მოსამართლე მარშალის დროს, 1801 – 1835 წლები. მაშინ შემოვიდა ტრადიციად კონგრესის გადაწყვეტილებების შემოწმება, კონსტიტუციურობის დადგენა და ნელ-ნელა სასამართლომ რეალურად მიიღო ფორმა და დაიტვირთა იმ შინაარსით, რომელიც ჩადებული იყო მის შექმნაში. მესამე ხელისუფლების შტო, რომელიც აკონტროლებს და ამოწმებს დანრჩენი ორის ლეგიტიმურობას.
დღესაც ისტორიული, ფაქტობრივად შესავალი ნაწილი გამოგვივიდა, მაგრამ მგონია რომ აუცილებელი ამ საფუძვლის ცოდნა, რათა კარგად გავიგოთ რასთან გვაქვს საქმე და შემდეგ ერთ ენაზე ვესაუბროთ ერთმანეთს.
შემდეგ ბლოგამდე.