დღის წესრიგში რჩება მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელი რეფორმის მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის. გარდა პოლიტიკური განცხადებებისა, დედაქალაქის ქუჩებში ამ საკითხთან დაკავშირებით წარწერები გამოჩნდა, რამაც თემა კიდევ უფრო გააქტიურა. ე.წ ვეტინგის, იგივე უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და ქონების შემოწმების სისტემის შეთავაზება ოპოზიციის ნაწილის აზრით, ევროკავშირის ცხრა პრიორიტეტის სრულყოფილად შესრულებისთვის აუცილებელია, მეორე ნაწილი კი აღნიშნულ ინიციატივას არ ემხრობა.
აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიად აფასებს და განმარტავს, რომ ოპოზიციის ქმედებები სასამართლოზე პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობაა.