წინა ბლოგში უზენაეს სამსამართლოზე და მის შემადგენლობაზე ვისაუბრეთ. დღეს მოდით, დავინახოთ მთელი სისტემა ერთიანად, რომ მერე ნაწილების გარჩევისას, წარმოდგენა გვქონდეს, მთელი სხეულის რა შემადგენელზე ვსაუბრობთ და რა ფუნქცია აქვს მას.
მაშ ასე, უზენაესი სასამრთლო პირამიდის წვერია და სახელისუფლო სამკუთხედის ერთი გვერდი, ხშირად საბოლოო არბიტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელ დაპირისპირებაში, მათი მომრიგებელი.
პირველი, რაც აუცილებლად გასააზრებელია, აშშ ფედერალური სახელმწიფოა.
ფედერაცია შედგება 50 შტატისგან, ფაქტობრივად 50 ქვეყნისგან, რომლებიც ნებაყოფლობით და საერთო კონსტიტუციით, სუვერენეტიტეტის ნაწილის დელეგირებას ახდენენ ფედერალურ ხელისუფლებაში. ფედერაციას თავისი ფუნქცია აქვს, ზოგადი საკონსტიტუციო უფლებები, საერთო ჯარი, საგარეო პოლიტიკა, საერთო ენერგო და ინფრასტრუქტურის პოლიტიკა.
ყველა შტატს ყავს თავის მთავრობა, რომელიც აქტიურად მართავს ყოველდღიურ საქმიანობას და ცხოვრებას და ხშირ შემთხვევაში, ფედერაცია ვერ ერევა მის გადაწყვეტილებებში. თითოეულ შტატში ხელისუფლების განაწილების პრინციპი ქვეყნის იდენტურია – საკანონმდებლი, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, ყველა შტატს ჰყავს არჩეული გუბერნატორი. ყველა შტატს აქვს თავისი კონსტიტუცია. ბოლომდე ზუსტი შედარება არა არის, თუმცა შეგვიძლია ანალოგად ევროკავშირი მოვიყვანოთ. მაგალითად, საფრანგეთს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას თავისი სასამართლო სისტემა აქვს, მაგრამ ამის გარდა, კიდევ არსებობს ევროპული სასამართლოც.
ასე რომ, აშშ-ში სასამართლო სისტემაც ორია – ფედერალური და შტატის. ფედერალური სასამართლო სისტემის შემდეგი, ქვედა საფეხური კი არის ფედერალური სასამართლოები. ეს არის ფედერალური სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლობები შტატებში. არის 856 ფედერალური მოსამართლის პოზიცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრის მსგავსად, პრეზიდენტის წარდგენით და სენატის დამტკიცებით ინიშნება. ისევე, როგორც უზენაესი სასამრთლოს წევრი, ფედერალური მოსამართლეც ფაქტობრივად სამუდამოდ ინიშნება. უფლებამოსილების შეწყვეტა ხდება მხოლოდ გარდაცვალების, გადადგომის, პენსიაზე გასვლის შემთხვევაში ან იმპიჩმენტის ძალიან რთული პროცედურით. ამით მიიღწევა ფედერალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის და ნებისმიერი გავლენისგან თავისუფლების დიდი ხარისხი.
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის განმავლობაში დიდი რაოდენობით ფედერალური მოსამართლის წარდგენა და დამტკიცება შეძლო. ტრამპი, ცხადია, უფრო კონსერვატორი მსოფლმხედველობის კანდიდატებს არჩევს და ამით ფაქტობრივად ცვლის ბალანსს. ფედერალური მოსამართლის ძალა და გავლენა რომ წარმოიდგინოთ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. სწორედ ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით ხდება ხშირად პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების შეჩერება. ასე შეუჩერეს დონალდ ტრამპს ოპონენტებმა რამდენიმე აღმასრულებელი ბრძანება იმიგრაციის შესახებ.
ფედერალური სასამართლოები ტერიტორიული პრინციპის გარდა, თემატურადაც იყოფა. მაგალითად აპელაციების, ვეტერანთა საქმეების, შეიარაღებული ძალების საქმეების, საიმიგრაციო, გადასახადების და ა.შ.
გადავიდეთ შტატების სასამართლოებზე:
ყველა შტატს აქვს შტატის უზენაესი სასამართლო;
ყველა შტატს აქვს სააპელაციო სასამართლო;
ყველა შტატს აქვს ადგილობრივი სასამართლოების თავისებური სისტემა.
მაგალითად ავიღოთ და შევადაროთ ორი შტატი.
არიზონა: უზენაესი სასამართლო, სააპელაციო სასამართლოები (2 დივიზიონი), მეორე საფეხურის სასამართლოები (superior, 15 ერთეული), საგრაფოების სასამართლოები (county courts) და მუნიციპალური სასამართლოები.
ჯორჯია: უზენაესი სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, მეორე საფეხურის სასამართლოები(49 ოლქი), შტატის სასამართლო, მაგისტრატების სასამართლო, საპრობაციო სასამართლო, არასრულწლოვანთა სასამართლო, მუნიციპალური სასამართლოები.
ეს ორი მაგალითი იმისთვის მოვიტანე, რომ დავინახოთ, რომ თითოეული შტატის სასამართლო სისტემა იქ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისია.
ტრადიციამ და დრომ გამოსცადა ეს სისტემა, მოსამართლეობის არჩევითობა და ნაფიც მსაჯულთა სისტემა უზრუნველყოფს იმ დიდ ნდობას, რომელიც ამერიკელ ხალხს სასამართლოს მიმართ აქვს და იმ რწმენას, რომ თუ მოქალაქეს დასჭირდა, სამართალს ყოველთვის იპოვის.