ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ქეთევან თხელიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ექვსივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა, რომელიც რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა, ბრალდებულებმა და მათ მიერ დაქირავებულმა კერძო უფლებადამცველებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის შემდეგაც საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატები ჩაერთვნენ. მათი განცხადებით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და სასამართლოს მიკერძოებაზე საუბრობენ. დაპირისპირება, რომლის გამოც სამართალდამცავებმა ექვსი პირი დააკავეს, 12 აპრილს გუმათში, „ნამახვანჰესების“ კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მოხდა. დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.