აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი

რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო ცოტა ხნის წინ ისევ განახლდა. სხდომა რამდენიმე საათით დაცვის მხარის შუამდგომლობით შეწყდა. ადვოკატებმა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, დამატებითი დრო ითხოვეს. მოსამართლემ მათ ამისთვის სამი საათი მისცა. დღევანდელ პროცესზე, მოსამართლე სულ შვიდი პირის საქმეზე მსჯელობს. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, გუშინ საქალაქო სასამართლომ შვიდი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა, საქმის არსებითი განხილვა კი 22 მარტისთვის გადადო.

შეგახსენებთ, 2 მარტს ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციაზე პოლიციამ 36 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.