დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინული მხარის ცნობით, იერიშის შედეგად დაიღუპა 39 მშვიდობიანი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დაშავდა 100-მდე პირი. დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რკინიგზის სადგური მაშინ დაიბომბა როდესაც სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, მიმდინარეობდა ხალხის ევაკუაცია. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა, მისი ცნობით, დარტყმა სარაკეტო კომპლექს „ტოჩკა უ-ს“ მეშვეობით განხორციელდა. „რუსი მხეცები არ ამბობენ უარს თავიანთ მეთოდებზე, რადგან მათ არ ჰყოფნით ძალა და გამბედაობა, წინააღმდეგობა გაგვიწიონ ბრძოლის ველზე, ისინი ცინიკურად ანადგურებენ სამოქალაქო მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც ზღვარი არ აქვს. თუ ის არ დაისჯება, ის არასდროს გაჩერდება“, – წერს ზელენსკი.
კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო იერიში დაგმო ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, რომელიც დღეს კიევში ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩადის. საკითხს ეხმაურება შარლ მიშელიც, ის მომხდარს შემზარავს უწოდებს და აცხადებს რომ ახალი მკაცრი სანქციები და იარაღი უკვე გზაშია.