საქართველოში პარამედიკოსების მომზადება დაიწყო

საქართველოში პირველად პარამედიკოსების მომზადება დაიწყო.  მაღალპრიორიტეტულ გამოძახებებზე სპეციალურად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით გადამზადებული სპეციალისტები იმუშავებენ. 11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების შემდეგ, პრაქტიკულ კურსს თვე-ნახევრის განმავლობაში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის.

სასწავლო კურსის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი დაესწრნენ. პარამედიკოსთა მომზადების კურსის გავლა ყველა აკრედიტებული სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო საქმის სპეციალობის მქონე კურსდამთავრებულს, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და შემდგომი ნორმატივების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეუძლია.