საქართველოს მთავრობა მასშტაბური საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება

ქვეყნის მთავრობა, გავრცელებული ინფორმაციით, მასშტაბური და ხმაურიანი გადაადგილებისთვის ემზადება. რა ცვლილებები განხორციელდება უწყებებში და ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას? პირველი არხის ინფორმაციით,  სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მის შემცვლელად, ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია სახელდება.

ეკონომიკის სამინისტროში დაბრუნდება ფინანსთა მოქმედი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ჩვენი ინფორმაციით, ქუმსიშვილი კვლავ პირველი ვიცე-პრემიერი და ამასთანავე, ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება.

სავარაუდოდ, პოსტის დატოვება მოუწევს განათლების მინისტრსაც. თუმცა, ვის გადააბარებს ჯეჯელავა უწყებას, ამასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ ისევ მიმდინარეობს.

რაც შეეხება, მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებს, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. სავარაუდოდ, არსებული 18-ის ნაცვლად, მხოლოდ 13 უწყება დარჩება. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას შეუერთდება. ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება ენერგეტიკის სამინისტრო. გარემოს დაცვის უწყების უფლებამოსილებები კი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გადანაწილდება.

სავარაუდოდ, გაუქმდება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ნაწილი კულტურის, ნაწილი კი განათლებას შეუერთდება. მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოც გაუქმდეს. და კიდევ ერთი სიახლის შესახებ, პირველი არხის ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი საგამოძიებო უწყების ჩამოყალიბება, რომელიც სამართალდამცველთა ქმედებების მართლზომიერებას გამოიძიებს.

სავარაუდოდ, მოსალოდნელი ცვლილელები იყო განხილვის მთავარი თემა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც პრემიერი და მისი კაბინეტის ამჟამინდელი წევრები იყვნენ შეკრებილები.

თემაზე მიშა ფეიქრიშვილი მუშაობს.