საქალაქო სასამართლო მშობლების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ბეროზაშვილის საქმეზე განაჩენს 23 იანვარს გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მისი თქმით, საქმეზე სამართალდამცველებმა გარკვეული არასამართლებრივი ქმედებები ჩაიდინეს. ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.
შეგახსენებთ, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 2022 წლის 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. სახელმწიფო ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ედავება.