საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 4-5 მარტს ვაშინგტონში მიემგზავრება. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლიკა შარტავა რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ პირველ სამიტს დაესწრებიან. ორდღიანი სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, სამიტის სტუმრები თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელებენ. სამიტზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ თავისუფალმა ერებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი ბედი. სამიტის ორგანიზატორია ამერიკელი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მიერ დაფუძნებული Turning Point Action. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მათი მოძრაობა დაფუძნებულია სუვერენიტეტზე, ანგარიშვალდებულებაზე და ერების ფუნდამენტურ უფლებაზე, თავად განსაზღვრონ საკუთარი განვითარების გზა.