13 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე სახლებზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ნუსეირატის ლტოლვილთა ბანაკში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაბომბა.
ღამით ისრაელის ძალებსა და ადგილობრივ სამხედრო ჯგუფებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა ღაზის სექტორში, მათ შორის შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“, სავარაუდოდ, მთავარ სამეთაურო ცენტრს ფლობს. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ, ისრაელის არმიამ ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ 11 ფორპოსტი დაიკავა.
გასული ღამის განმავლობაში ისრაელის არმია „ჰამასის“ ობიექტებს ჰაერიდან, ხმელეთიდან და ზღვიდან ბომბავდა. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის დასახლებების მიმართულებით რაკეტები ისევ გაუშვეს.