საომარი მოქმედებები უკრაინაში - 98-ე დღე

რუსული აგრესიის 98-ე დღე უკრაინაში. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში სროლისა და აფეთქებების ხმა ამ წუთებშიც ისმის. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსები ლიმანზე შეტევას ახორციელებენ. ისევ რთული მდგომარეობაა სევეროდონეცკში, ოკუპანტები ქალაქის ცენტრის შტურმით აღებას ცდილობენ.

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ რუსები ქალაქის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. სლავიანსკში, სევეროდონეცკში და რაიგოროდკაში ოკუპანტების საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის 21 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. განადგურებულია 40-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი. ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ აღმოსავლეთ რეგიონებში ბრძოლის სირთულეს ის იწვევს, რომ უკრაინას საკმარისი შეიარაღება არ აქვს.