კურსკის ოლქში უკრაინის შეტევა გრძელდება – უკრაინელი ჯარისკაცები ამტკიცებენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად, რუსეთის ტერიტორიაზე 70-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ და წინ მიიწევენ. რუსეთში აღიარებენ, რომ უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებში ვითარება დაძაბულია, თუმცა ამტკიცებენ, რომ უკრაინელების შეჩერება შეძლეს.
უკრაინელების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე წამოწყებული სამხედრო მოქმედებების მეცხრე დღეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ასევე გამოცხადდა რუსეთის ბელგოროდის ოლქში, ხოლო კიევში განაცხადეს, რომ ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე მასშტაბური შეტევა მიიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ოთხი სამხედრო აეროდრომზე. მათ შორის ვორონეჟსა და ნიჟნი ნოვგოროდში. ამ ფონზე რუსეთში განაცხადეს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ. დასავლური მედია კი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლომდე რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოცხადდეს.