რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ბელგოროდის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. გლადკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აპირებს, მიმართოს რუსეთის ხელისუფლებას, რათა ბელგოროდში, კურსკის მსგავსად, ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქვეყნის რვა რეგიონში 117 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეტევები განხორციელდა კურსკის, ვორონეჟის, ბელგოროდის, ვოლგოგრადის, ბრიანსკის, ორიოლის, როსტოვისა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქებზე.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, ავტომობილები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში ავიაბაზა გახდა. გასულ ღამეს საჰაერო თავდასხმის განგაში იყო გამოცხადებული ლიპეცკის რეგიონშიც, სადაც რუსული მედიის ინფორმაციით, ათი უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავდა.