თითქმის ერთი კვირაა, უკრაინის არმიის დანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი კურსკის რეგიონში იმყოფებიან და შეტევით ოპერაციას ახორციელებენ. ბოლო მონაცემებით, უკრაინელ სამხედროებს უკვე 28 სოფელი აქვთ დაკავებული. ვითარების სირთულიდან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლება ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაციას განაგრძობს.
ადგილობრივები გამოჰყავთ ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონიდანაც. კრემლი ასევე ემზადება საპასუხო ქმედებებისთვის, რაც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინული სამხედროების განდევნას ითვალისწინებს. ვლადიმერ პუტინმა თქვა ისიც, რომ უკრაინის ქმედებებს მკაცრი საპასუხო ზომები მოჰყვება.
პარალელურად, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ინციდენტში, რა დროსაც გამაგრილებელ სისტემას ცეცხლი გაუჩნდა.