2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა მთავრობის მეთაურმა სამუშაო თათბირზე, რომელსაც ვიცეპრემიერი და ეკონომიკის მინისტრი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრაზე განიხილეს მსხვილი პროექტები, რომლებზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშაობს, მათ შორის იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისა და ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელსაც სახელმწიფო კერძო ინვესტორთან ერთად ააშენებს. მსჯელობის თემა იყო ენერგეტიკული და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტიც. შეხვედრაზე 2023-ის გეგმებზე ისაუბრეს. ესენია აბრეშუმის გზის ფორუმის ჩატარება თბილისში, ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება 150 000-ლარიანი გრანტების პროგრამა, რეგიონებში ინოვაციური იდეების წახალისებისთვის კი 25 000-ლარიანი მცირე საგრანტო პროგრამა დაიწყება.