სამეფო ქორწილი დიდ ბრიტანეთში - პრინცი ჰარი და მსახიობი მეგან მარკლი ქორწინდებიან

დიდ ბრიტანეთში სამეფო ქორწილია – პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი ქორწინდებიან. საქორწინო ცერემონია უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში ტარდება, სადაც პრინცი ჰარია მონათლული. ცერემონია 25 წუთს გასტანს. პრინც ჰარის და მეგან მარკლის ჯვარს კენტერბერის არქიეპისკოპოსი, ჯასტინ ველბი დაწერს. მეგან მარკლის საკურთხევლამდე პრინცი ჩარლზი მიაცილებს.

სამეფო ოჯახის ქორწილის აღსანიშნავად, ამ წუთებში ქუჩებში ათი ათასობით ადამიანია გამოსული. ჯვრისწერას ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მსახიობები  იდრის ელბა და ჯორჯ კლუნი, მომღერალი ჯეიმს ბლანტი, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, ჩოგბურთელი სელენა უილიამსი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ესწრება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ პრინც ჰარის სასექსის ჰერცოგის წოდება მიენიჭა, ხოლო მეგან მარკლი ჰერცოგინია გახდა. გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ უკვე მიიღო. ჯვრისწერამდე პრინცის საცოლე მოინათლა  და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა  მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად კი, მან სერიალი სუითსი დატოვა, რომლის წყალობითაც, პოპულარობა და აღიარება მოიპოვა.

მსახიობისა და პრინცის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა. საქორწინო ცერემონიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ვებ პლატფორმაზე – 1tv.ge