სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს. „პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, ოთხი მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნავს პრემიერი.

დაღუპულებს უსამძიმრებს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება „ფეისბუქით“ გაავრცელა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“ – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმარში.

დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს თბილისის მერი კახა კალაძეც. დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს. „შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს! ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“ – წერს კახა კალაძე.