საკანონმდებლო ინიციატივა
 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებას გულისხმობს, საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება, ბიუროს სხდომას კი ორშაბათს წარედგინება. განათლების კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე ცვლილებების ინიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა.
საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით. ქართული ენის სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წელს შეწყდა და საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გაუქმდა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი ის მხოლოდ შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. როგორც გუშინ კომიტეტზე გახდა ცნობილი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე განხორციელდება.