საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას ამ მიმართულებით. აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები ამ საკითხზე. ამ კონტექსტში, შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR-ის დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებულ აქცენტზე, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას. მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია. ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე, აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში, ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება. შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას. მანამდე კი განცხადება გაავრცელა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.