საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადება

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაერთიანებული სამეფოს მიერ ივნისში გამოცხადებულ ახალ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საუბარია, რომ სანქცირებულ სუბიექტთა სიაში მოხვდა გემი SILVAR. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში იმყოფებოდა 2026 წლის თებერვალში, ხოლო მისი ოპერაციების განხორციელების პერიოდში გემი არ იყო სანქცირებული გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ამერიკის და გაერო-ს სანქციური რეჟიმების ფარგლებში. „გაუგებარია, თუ რა მიზანს ემსახურება გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველოს ხსენება იმ კონტექსტში, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია და საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით. – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა: „დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR-ი, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა“.