საგანგებო რეჟიმის გამკაცრებული ზომები

ახალი რეჟიმი ქვეყანაში. მეათე საათია, ქუჩებში მანქანები აღარ მოძრაობს. აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. გამონაკლისი მხოლოდ მოტოციკლეტები, მოპედები და ველოსიპედებია. თბილისში დღეს ცხენზე ამხედრებული მოქალაქეც გამოჩნდა. გამკაცრებული ზომები 21 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. იკრძალება მისვლა სასაფლაოებზეც, რომლებიც დღეიდან 10 დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება.

სავალდებულო ხდება საჯარო სივრცეში პირბადეების კეთებაც.

მძიმე პროგნოზების ფონზე, თუ სოციალური დისტანცირება და სახლებში დარჩენის მოწოდება გათვალისწინებული არ იქნება, არ არის გამორიცხული, რომ მთელ ქვეყანაში სრული კარანტინი გამოცხადდეს. თუმცა გაირკვა, რომ ინფიცირებულთა ციფრების მკვეთრი ზრდის ფონზე, ეპიდემიოლოგების გამკაცრებული ტონი და მოსახლეობის გაფრთხილება მაღალი იერარქიის სასულიერო პირისთვის მიუღებელი და საეჭვო აღმოჩნდა.

ბოდბელმა მიტროპოლიტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.