საგამოძიებო სამსახურის განცხადება

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით, მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. მან მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა – 72 800 ევრო, მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნიდან მიიღო გადაცემული თანხის ეკვივალენტი ვირტუალური აქტივი და მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად, უკანონოდ დაეუფლა მას. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალიწინებს. გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართულ სხვა პირთა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.