რამდენი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ხელფასი – საკითხზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა რეგლამენტში ცვლილების პროექტი, რომელსაც დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.
მიზანია მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების გასამრჯელოს საჯარო სამსახურში დადგენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სიახლის მიხედვით, მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატის ხელფასი 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება. პაპუაშვილის განცხადებით, ახლა პარლამენტის წევრებს აქვთ არა მხოლოდ სხვა უწყებების თანამდებობის პირებთან, არამედ თავად პარლამენტის აპარატში დასაქმებულებთან შედარებით დაბალი გასამრჯელო.