ადვოკატები და ავტორშემსრულებლების ნაწილი საავტორო უფლებების ასოციაციებს შორის პოლარიზაციის დასასრულებლად ერთიანდებიან. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამომავლო გეგმები ჟურნალისტებს გააცნეს. ინიციატივის ავტორები არიან მიხეილ რამიშვილი, დათო ევგენიძე, კახა ცაბაძე, გია მაჭარაშვილი, ასევე ჯგუფში ერთიანდებიან ავტორები როგორც „ჯისიეის“, ისე „გერას“ ორგანიზაციებიდან. ისინი თანხმდებიან, რომ კითხვები რომელიც არსებობს, აუცილებელია გაეცეს პასუხები. საინიციატივო ჯგუფის ინიცირებით, პროცესში ჩაერთვებიან რამიშვილის საადვოკატო ბიუროს, „ემერეის“ ადვოკატები, რომლებიც ორგანიზაციების საქმიანობას, ფინანსებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან და დასკვნას შემჭიდროვებულ ვადაში წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ საავტორო უფლებების დაცვის კანონში შევიდა ცვლილებები. საქპატენტმა გამოაცხადა კონკურსი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მისანიჭებლად. აკრედიტაციის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 26 სექტემბერს და დასრულდება 2023 წლის 26 ნოემბერს.