სააკაშვილის საქმე - უარი ექსპერტიზას

კლინიკა „ვივამედში“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. მათ მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის სისხლის ნიმუში უნდა აეღოთ, თუმცა, კლინიკაში მისულ გამომძიებელს ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოსთხოვა. მას საჭირო ანალიზები და ნიმუშები ვერ აუღეს მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თანხმობას აცხადებდა.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის მტკიცებით, გარკვეული პერიოდის გასვლის გამო, ტოქსიკოლოგიურ დასკვნას ვერც სისხლის, ვერც თმის და ფრჩხილის ნიმუში ვერ დაადგენს. მოწამლულია თუ არა მიხეილ სააკაშვილი – ამ კითხვაზე პასუხი ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ უნდა გასცეს, თუმცა, პატიმარი ექსპერტიზაზე ჯერ ისევ უარს ამბობს.