უკრაინას რუსეთი ღამით შვიდი „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხუთის ჩამოგდება მოახერხეს. აფეთქებები იყო დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში. ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსმა ჯარებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს ავდეევკას მიმართულებით. გარდა ამისა, მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და დაწინაურდნენ.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინული ჯარები აგრძელებენ თავდასხმას ბახმუტის სამხრეთით. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ამ კვირაში სხვა საკითხებთან ერთად, უმაღლესი რადა კენჭს უყრის გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მოსამზადებლად.