უკრაინაში ომის 107-ე დღეს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ისევ აფეთქებების ხმა ისმის – საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალი ამოქმედდა ოდესის, მიკოლაევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებში. ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მიმდინარეობს. დონეცკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული არმიის მხრიდან გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ავდეევკაში და ერთი ნოვოუკრაინკაში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად 100-200 უკრაინელი სამხედრო იღუპება, რისი მიზეზიც საარტილერიო ცეცხლში რუსეთის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. კიევში ამბობენ, რომ უკრაინას წინსვლისთვის ზალპური ცეცხლის 300-მდე რეაქტიული სისტემა მაინც სჭირდება. ამასთან, დასავლეთის ქვეყნების დაზვერვაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ, 20 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებით უკრაინის არმიას გარკვეული წინსვლა აქვს, თუმცა ზოგადი სიტუაცია უცვლელია.