ომი უკრაინაში გრძელდება – აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ რთულია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში წარმატებებს მიაღწიეს და საპასუხო შეტევა სამხრეთ-დასავლეთით წამოიწყეს. ასევე, უკრაინის არმია აგრძელებს თავდაცვას სევეროდონეცკში, ხოლო ოკუპანტები ლუგანსკში სამი მიმართულებით მიიწევენ წინ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ნიკოლაევის ოლქს ხუთჯერ გაუხსნეს ცეცხლი, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. გარდა ამისა, დაიბომბა ხარკოვის დასახლებული უბნები. დაშავდა ექვსი და დაიღუპა სამი ადამიანი. დაიბომბა ასევე სუმის ოლქი, სადაც სასაზღვრო რაიონებზე ოთხჯერ მიიტანეს იერიში.
ლუგანსკის გუბერნატორის, ინფორმაციით, რუსული ძალები ლისიჩანსკისა და ბახმუტის დამაკავშირებელი გზის დაკავებას ცდილობენ. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, ოკუპანტებმა თითქმის სრულად დაიკავეს სევეროდონეცკის დასახლებული ნაწილი. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, საოკუპაციო ძალებმა ვერ შეძლეს მოწინავე პოზიციების დაბრუნება მდინარე ინჰულეცის დასავლეთით.
უკრაინული დაზვერვის ცნობით, ოკუპანტებმა უკრაინულ მხარეს მარიუპოლის დამცველთა 210 ცხედარი გადასცეს. გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 4 253 სამოქალაქო პირი დაიღუპა, მათ შორის 272 ბავშვი, თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები სურათს სრულად არ ასახავს.