რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმას აგრძელებს. ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად, მრავალსართულიანი სახლი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია ორი და დაშავებულია შვიდი ადამიანი. ადგილზე მუშაობენ მაშველები.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამით ოდესის მიმართულებით გაშვებული რვა დრონიდან შვიდის ჩამოგდება მოხერხდა, სულ კი უკრაინის საჰაერო სივრცეში ღამის განმავლობაში განადგურებულია 14 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
რაც შეეხება ვითარებას ფრონტზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთმა ცხრა სარაკეტო და 100 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 161-ჯერ კი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან გაისროლა. თავის მხრივ, უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეტევების მოგერიება ლიმანის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები მიიტანეს რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების 13 ადგილზე. განადგურებულია სამხედრო ტექნიკა და იარაღის საწყობები.