უკრაინის სპეციალური ოპერაციების ჯარისკაცებმა ბახმუტის მიმართულებით რუსების სამეთაურო და სადამკვირვებლო პუნქტს დაარტყეს. ინფორმაციას სპეციალური ოპერაციების ძალები ავრცელებს. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, არსებული ცნობის მიხედვით, დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა.
უკრაინელი სამხედროები წარმატებას აღწევენ ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. ნოვოდანილოვკა-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით ისინი წარმატებებს აღწევდნენ, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას,“-აცხადებენ გენშტაბში. როგორც ცნობილია, რუსებმა რამდენიმე წარუმატებელი შეტევითი ოპერაცია განახორციელეს.