ხერსონის ოლქის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელები იუწყებიან, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჰენიჩესკში საავტომობილო ხიდზე მიიტანეს იერიში, ასევე დაზიანებულია გაზსადენი. მათი მტკიცებით, 20 000 ადამიანი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა დაარტყეს ჩონგარის ხიდს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქს ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.
უკრაინული მედია იუწყება, რომ დღეს დილიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, სიფრთხილე გამოიჩინოს. მისივე თქმით, რუსეთმა ქალაქს სავარაუდოდ „S-300“-ის ტიპის რაკეტები ესროლა. ხარკოვი რუსეთის ძალებმა გუშინაც დაბომბეს. რაკეტა სისხლის გადასხმის ცენტრს მოხვდა და შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესცენტრი იუწყება, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს კამიკაძე დრონების გამოყენებით, ხოლო შავი ზღვის აკვატორიიდან უკრაინის მიმართულებით „ხა-101“-ისა და „ხა-555“ ტიპის რაკეტებს ისვრიან. მათივე ცნობით, 5 აგვისტოს საღამოდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო 30 ფრთოსანი რაკეტის და 27 დრონის ჩამოგდება.
გუშინ ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკის ოლქში, სადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტოსადგური, ასევე საავიაციო ძრავების საწარმო. რუსეთის სამიზნე გახდა ზაპოროჟიესა და ჟიტომირის ოლქიც. ახალი სარაკეტო თავდასხმის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა პარტნიორებს, დროულად მიაწოდონ უკრაინას „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები. რუსეთის იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტიც.