რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვას ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ ხუთი კი დაშავდა. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დასახლებულ პუნქტ ნიუ-იორკში, ორი კი დრუჟბაში დაიღუპა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო შენობები.
რუსეთმა დაბომბა ოდესის რეგიონი და მარცვლეულის საწყობები. რუსმა სამხედროებმა ასევე დაბომბეს ნიკოლაევისა და ხარკოვის რეგიონებიც. კუპიანსკის რაიონზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეტევა „ეს 300“-ის ტიპის რაკეტებით მიიტანეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები თავდაცვას ამაგრებენ ყველაზე ცხელ ადგილებში და აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლსა და ბერდიანსკში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის არმია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზეა კონცენტრირებული – გასული დღის განმავლობაში 40-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ გეგმავს, გამოაცხადოს უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელშიც არტილერია, საჰაერო თავდაცვის რაკეტები და სახმელეთო აღჭურვილობა შედის.