უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 23-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია. უმანში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს რუსი სამხედროების მიერ ნასროლი ორი რაკეტა მოხვდა. კიევიდან 200 კილომეტრში მდებარე ქალაქი უმანი შუა ღამით დაიბომბა.
სარაკეტო შეტევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მაშველებმა კი სამი ბავშვი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. რუსეთის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დნეპროპეტროვსკში დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, სარაკეტო შეტევას 31 წლის ქალი და მისი შვილი ემსხვერპლნენ. უკრაინის არმიამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის 50-მდე შეტევა მოიგერია.